NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ის, ასევე, საუბრობს ფაქტზე, რომ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებით მიმდინარეობს, რის გამოც, ოკუპანტი ქვეყანა ალტერნატივებს ეძებს.
"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ეს სეპარატისტული ტერიტორიები სამხედრო ბაზების შესაქმნელად გამოიყენოს. ეს კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ცხადყოფს, თუ რამდენად შორს წასასვლელად არის რუსეთი უკრაინაში სამხედრო მიზნების მისაღწევად.
მაგრამ ასევე ცხადყოფს, რომ ისინი, ფაქტობრივად, გადაყვანილნი არიან თავდაცვის რეჟიმზე, რადგან უკრაინელები წარმატებით ახორციელებენ შეტევებს საზღვაო ობიექტებზე ყირიმში, შესაბამისად, რუსეთი ეძებს ალტერნატივებს. ეს აჩვენებს უკრაინელების მიღწევებს რუსულ ფრონტზე თავდასხმაში", - განაცხადა მან.
5 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს.
ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".